საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარეგულირებლის მოწევევით ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა. დელეგაცია აერთიანებს ისეთ გლობალურ ფინანსურ გიგანტებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, გაიმართება ერთობლივი შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.

როგორც სების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თურნავა და ხუციშვილი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. საუბარი ასევე შეეხება საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობას.

„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი საქართველოში ყოფნისას ასევე მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში.

აღნიშნული ღონისძიება წელს „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებითა და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კაპიტალის მოზიდვას.