ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ტერმინალის ამოღების მთავარი მიზეზი სანქციების დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებები არქონა შეიძლებოდა ყოფილიყო. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, სანქციებს დიდი ზიანის მოტანა შეეძლო როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და ის მთელ რიგ სირთულეებს შექმნიდა.

,,ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ტერმინალი რამდენიმე მიზეზის გამო არ შევიდა. პირველი გახლავთ ის, რომ სანქციების დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც არსებობს. საუბარია რუსულ ნავთობზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და აზერბაიჯანულმა  მხარემ ,,სოკარმა" ღიად განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ მოემსახურონ სანქცირებულ ტანკერებს და არ დაუშვებენ სანქციების გვერდის ავლას. ვფიქრობ, ამ ფაქტორებმა ევროკავშირი აიძულა ამ ზომისათვის გადაეხედა.

ბუნებრივია, დასანქცირება რომ მომხდარიყო, მას ნეგატიური გავლენა ექნებოდა, რადგან ყულევის ტერმინალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ზღვის ნავთობტერმინალი, რომლითაც ,,სოკარი"  ოპერირებს. თუ ის მოხვდებოდა სანქციების სიაში, ევროპულ კომპანიებს აეკრძალებოდათ პორტთან ოპერაციები. შეექმნებოდა პრობლემა ტვირთის გადაზიდვასთან, ფინანსურ მომსახურებასთან, ლოგისტიკასთან დაკავშირებით და  ტრანზიტი მკვეთრად შემცირდებოდა, რაც ქვეყნის შემოსავლებშიც აისახებოდა.

ასევე გაიზრდებოდა ინვესტიციური რისკები. რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური კომპანიების საქართველოში შემოსვლა რისკის მატარებელი გახდებოდა. ეს შეამცირებდა უცხოურ ინვესტიციებსაც. ქვეყანაც რეპუტაციული დარტყმის წინაშე დადგებოდა. საბედნიეროდ, დადასტურდა, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ რადგან აღნიშნული საკითხი ატარებს როგორც რეპუტაცციულ, ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები და გამოწვევები.