12 მარტს EBA4Women Signature ფორუმი გაიმართა, რომელმაც ქალ ლიდერებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო ლიდერობის, ინოვაციის, ინკლუზიისა და ქალების პროფესიული წინსვლის საკითხებზე საჯარო დისკუსიის წამოწყება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ქალების მიღწევებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით სხვებისთვის შთაგონებისა და გაძლიერების მაგალითს ქმნიან. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კამპანიების ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას.

EBA4Women Awards-ის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯილდოვდა საუკეთესო პროექტები და ლიდერები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. პროკრედიტ ბანკმა აღნიშნული ჯილდო პროექტებით Empower HER და სხივიანი მოიპოვა.

პროექტი Empower HER გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და “ფონდ ტასოსთან” თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სოფელსა და რეგიონებში მცხოვრები ქალების მხარდაჭერას, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მიკრობიზნესის წამოწყებით ან გაფართოებით.

პროექტში მონაწილეობისთვის 200-ზე მეტმა ქალმა შეიტანა განაცხადი, რომელთაგან 60-მა მონაწილემ მიიღო სტარტაპ-გრანტი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

პროექტი „სხივიანი“ წარმოადგენს პროკრედიტისა და „კოპეშია“-ს ერთობლივ ინიციატივას, რომლის მიზანია ქალთა გაძლიერება ტრადიციული ხელსაქმის მხარდაჭერის გზით მაღალმთიან აჭარაში.

კამპანიის მთავარი იდეა ტრადიციული ნაქარგების თანამედროვე ფორმით გაცოცხლება იყო, რაც გულისხმობდა ძველი სიუჟეტების აღდგენასა და ახალი თემების შექმნას, მონაწილე ქალების ყოველდღიური ცხოვრებიდან.

პროექტის ფარგლებში 5250 ნამუშევარი შეიქმნა. ტრადიციული ნაქარგებით უნიკალური სიუჟეტების გაცოცხლებაზე ხელით იმუშავა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა 67-მა ქალმა.