ანალიტიკოსი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების გამომწვევი მიზეზების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ბანკები და ფინანსები ანალიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება სავარაუდოდ, რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის ერთობლივ გავლენას უკავშირდება. კერძოდ, აღნიშნული პროცესის განმაპირობებელ გარემოებებად შეიძლება დასახელდეს ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაცია და მისგან გამომდინარე ნეგატიური მოლოდინები, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის გამყარება და ნავთობის ფასის ზრდის მოლოდინი ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი გარკვეულ როლს ასრულებს, მიმდინარე დინამიკის შეფასებისას შეიძლება ითქვას, რომ გლობალური გეოპოლიტიკური შოკი და ენერგეტიკული ბაზრის გაურკვევლობა ამ ეტაპზე მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია, რასაც თან ერთვის საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარება და ფინანსური აგენტების ნეგატიური მოლოდინები.

ბოლო დღეებში საერთაშორისო ფინანსურ და სასაქონლო ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების გადაადგილების შეფერხებამ. აღნიშნული საზღვაო მარშრუტი გლობალური ენერგეტიკული სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ამ სრუტით გადაადგილდება მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი.

სავაჭრო და სატრანსპორტო აქტივობის შემცირებამ ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდების შესაძლო შეზღუდვის მოლოდინი გააჩინა, რის შედეგადაც ბრენტის ტიპის (Brent crude oil ) ნავთობის ფასი მოკლე პერიოდში დაახლოებით 10–13 პროცენტით გაიზარდა და 80 დოლარს მიუახლოვდა. ამ ომის სავარაუდო დასრულების ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობისას იმ შემთხვევაში, თუ სრუტეში შეფერხებები გახანგრძლივდება, რიგი ანალიტიკოსები ნავთობის ფასის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს, დაახლოებით 100- 120 აშშ დოლარამდე, ზრდის შესაძლებლობასაც კი განიხილავენ.

წარსული წლების ისტორიიდან გამონდინარე, მსგავსი ტიპის გეოპოლიტიკური შოკები, როგორც წესი, იწვევს რამდენიმე თანმდევ პროცესს: ინვესტიციების გადანაცვლებას ე.წ. უსაფრთხო აქტივებში და ოქროში, განვითარებადი ეკონომიკების ვალუტების დასუსტებას და საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარებას.დღეს ენერგორესურსებით ვაჭრობა ძირითადად დოლარში ხორციელდება. შესაბამისად, როდესაც ნავთობის ფასი სწრაფად იზრდება, ენერგიის იმპორტიორ ქვეყნებს ნავთობის შესაძენად მეტი დოლარი სჭირდებათ. ეს თავის მხრივ ზრდის დოლარზე მოთხოვნას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს უწყობს მისი კურსის გამყარებას.

თავის მხრივ, დოლარის გაძლიერება, როგორც წესი, შედარებით უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს შედარებით მცირე და მაღლი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკების ვალუტებზე, რომელთა შორისაც ლარიც მოიაზრება, მიუხედავად ბოლო წლებში დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებისა.ჩვენ შემთხვევაში, განსხვავებით ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისაგან,

ნავთობის გაძვირების გავლენა პირდაპირ აისახება საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსზე.საქართველო ენერგორესურსების წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება რა ქვეყნის იმპორტის ღირებულებაზე, ზრდის უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას.მაგალითად, მხოლოდ 2026 წლის იანვარში საქართველომ დაახლოებით 96.7 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შეიძინა. ნავთობის გაძვირების პირობებში მსგავსი იმპორტის დაფინანსებისთვის ეკონომიკას მეტი დოლარი სჭირდება, რაც მოკლევადიან პერიოდში ლარზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

ამასთან, სავალუტო კურსის მოკლევადიან რყევებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური აგენტების მოლოდინებიც. გლობალური გაურკვევლობის ზრდისას ბიზნესი და მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ხშირად ცდილობს სავალუტო რისკის შემცირებას და ლარის დოლარში კონვერტაციას, რაც ზრდის უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას საბანკო სისტემაში და დამატებით ასუსტებს ეროვნულ ვალუტას.ამრიგად, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება ყველაზე დამაჯერებლად აიხსნება შემდეგი ფაქტორების ერთობლიობით: ჩემი შეფასებით, მიმდინარე ეტაპზე მთავარი გამომწვევი ფაქტორი მაინც გლობალური ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური შოკია, რომელმაც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის გამყარებას შეუწყო ხელი და შესაბამისად ზეწოლა მოახდინა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე.მოკლევადიან პერიოდში ლარის პერსპექტივა ახლა მთლიანად დამოკიდებულია ერთ ფაქტორზე — ენერგეტიკული შოკი რამდენ ხანს გაგრძელდება.ვფქრობ, ეს თემა მაინც ცოტა ზედმეტად არის აჟიტირებული.

ამჟამად ბაზარზე კურსი დაახლოებით 2.72–2.74 ის ფარგლებდი მოძრაობს, ხოლო ბოლო თვეში ლარი დაახლოებით 1.2%-ით არის დასუსტებული, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.გარდა ამისა, დღეს ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს, აჟიოტაჟური მოლოდინების გასანეიტრალებლად, მათ შორის სარეკორდოდ გაზრდილი სავალუტო რეზერვები, რომლის მოცულობა უკვე გადაცდა 6.6 მლრდ აშშ დოლარს და თავის ისტორიულ მაქსიმუმზეა, საპანიკოც ნაკლებია", - წერს ცუცქირიძე.