სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.4 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 145.7 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.0 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 60.1 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.0 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 2.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 280.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, სასაკლაოების მიერ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 17.4 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, აქ იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით, საიდანაც 27.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36.1 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.8 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.1 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.5 ათას პირს, საიდანაც 58.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 047 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.2 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 30.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.5 ლარი.
ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 285 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 69.1 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.
საანგარიშო პერიოდში, მომსახურება გაეწია 321 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 569 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 395 კაცით განისაზღვრა.
საქსტატის ცობით, 2024 წლის ოთხი კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 72.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 35.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.0 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 19.7 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 11.7 პროცენტი – თევზეული, 3.8 პროცენტი – რძის პროდუქტები და 6.4 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2024 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.6 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 26.9 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 50.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.1 მლნ. ლარი შეადგინა.
2024 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 138.3 მლნ. ლარის ღირებულების 21.6 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 32.8 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 23.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა პროდუქციამ – 44.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 53.7 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი, 33.3 პროცენტი – ქათმის ხორცზე, 29.1 პროცენტი – პირუტყვის ხორცსა და 9.3 პროცენტი ხორცპროდუქტებზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა ოქტომბერში შეადგენდა 58.8 პროცენტს, ნოემბერში – 57.9 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.1 პროცენტს.