საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24.855 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3%-ით განისაზღვრა.

2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (30.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11%), განათლება (35.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 %), სახელმწიფო მმართველობა (14.7%).

ამასთან, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.4%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3%), მშენებლობა (8.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4%), სახელმწიფო მმართველობა (6.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%).