ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას განაგრძობს.
კორპორაციამ სამ სტრატეგიულ მონაკვეთზე, მდინარეებზე საჰაერო გადასასვლელების მოწყობისა და გამაგრების სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა მოიცავს „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყვირილაზე, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN700 გაზსადენის I და II ხაზების მდინარე თეზამზე და „ქუთაისი-სოხუმის“ DN700 მაგისტრალური გაზსადენის მდინარე გუბისწყალზე გადასასვლელების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია გაზსადენების მიწისზედა მონაკვეთებისთვის საჭირო ხიმინჯების, საყრდენებისა და სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟი.
აღნიშნული მონაკვეთები ქვეყნის გაზმომარაგების სისტემისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მონაკვეთი კი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედაქალაქისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სტაბილურ გაზმომარაგებაში. „ქუთაისი-სოხუმის“ გაზსადენი თავის მხრივ, სამეგრელოსა და შავიზღვისპირეთის რეგიონებს ამარაგებს.
შესრულებული სამუშაოები სტიქიური მოვლენების დროს ავარიის რისკებს შეამცირებს და რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.













