ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში, ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან გაფლანგულია და მიტაცებულია 4 მილიონი დოლარი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების მთავარი საგანია. შესაბამისად, ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ გაფლანგული მილიონების შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მოძიება, შესწავლა და საზოგადოებისთვის წარდგენაა,“ – ამის შესახებ „აფბას“ აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.
აფბას აუდიტორული სამსახურის განცხადებით, არსებული მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2–ჯერ ძვირი დაჯდა. იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3–ჯერ ძვირიც. ამას ემატება ისიც, რომ წლების განმავლობაში სკოლის კაფეტერიის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის მიერ სკოლისთვის, საბაზროსთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი ფასებით შესყიდული პროდუქტის მიწოდება და სხვა.
“სწორედ ეს გარემოებები და გაფლანგული და მიტაცებული 4 მილიონი ლარი აისახა საერთაშორისო აღიარების მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, “საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს)“, – აცხადებენ აფბას აუდიტორულ სამსახურში.
აფბას აუდიტორულმა სამსახურმა ასევე შეისწავლა ჯანაშიასთან დაკავშირებული მედიარესურსები, სადაც 4 მილიონი დოლარის საკითხს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მხარე გაფლანგვის ნაცვლად „სკოლაში ინვესტირებას“ უწოდებს. ნათია ჯანაშია საკუთარ გამოცემაში წერს, რომ მან სკოლის შემოსავლებისა და საბანკო სესხის საშუალებით განახორციელა ლისის არსებული კამპუსის გაფართოება, რისი ბიუჯეტიც შეთანხმებული იყო ინვესტორთან. თუმცა ამ ეტაპამდე არ ასახელებს, სად და რა ვითარებაში მოხდა 4 მილიონი დოლარის გაფლანგვა და მიტაცება. აფბამ არაერთხელ დააყენა ეს საკითხი და მიმართა ჯანაშია-ცეცხლაძის მხარეს, რომ დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი მოესმინა 4 მილიონი დოლარის მიტაცების საქმეზე და ჯანაშია-ცეცხლაძის მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ნანობანანას მიერ შეცდომებით დამონტაჟებული არქიკადის ფოტოების დარენდერებული ვიდეო და უცნაურად მოლაპარაკე ახლადგამოჩეკილი იურისტის კლოდის ვიდეოგრაფირებული კლონი.
დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ჯანაშია დირექტორად 5 წლის განმავლობაში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ინვესტორისა და 70%-იანი წილის მფლობელის მიერ იყო დაკონტრაქტებული, ხოლო მისი მეუღლე მენეჯმენტში კამპუსის მშენებლობას კურირებდა. 30 პროცენტის წილის მქონე ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ამ პერიოდში ჯამში ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.













