მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობა მიიღო, სოკარმა API Holding-ისგან Italiana Petroli-ს (IP) აქციების 99.82%-ის უკვე ოფიციალურად შეიძინა. აღნიშნული გარიგება სოკარის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ენერგეტიკული ჯაჭვის გაფართოებასა და ევროპულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.

Italiana Petroli, რომლის ისტორია იტალიის ბაზარზე 90 წელზე მეტს ითვლის, ქვეყნის ტრანსპორტის სექტორსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია აერთიანებს ფართო ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ნავთობბაზებსა და დაახლოებით 4,600 ავტოგასამართ სადგურს. ამ გარიგების შედეგად, IP სოკარის საერთაშორისო პორტფელის ნაწილი გახდა, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს სოკარის მნიშვნელობას ევროპაში.

იტალია სოკარისთვის ევროკავშირის ფარგლებში პირველი ბაზარი არ არის. კომპანია უკვე წარმატებით ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში. ევროკავშირის მიღმა კი სოკარი წარმოდგენილია მეზობელ რეგიონულ ბაზრებზე, მათ შორის თურქეთსა და უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ 20 წლის წინ საქართველო გახდა პირველი საერთაშორისო ბაზარი, სადაც სოკარმა თავისი საქმიანობა გააფართოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა კომპანიის საერთაშორისო განვითარებას.

იტალიას სოკარისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სოკარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით იტალიისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. ამასთან, სამხრეთის გაზის დერეფანის საშუალებით კომპანია ხელს უწყობს ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციას. აქედან გამომდინარე, IP-ის შეძენა კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანსა და იტალიას შორის არსებულ ხანგრძლივ ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სოკარის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა შეხვედრები გამართა იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ ჯილბერტო პიკეტო ფრატინთან და იტალიის საწარმოებისა და „Made in Italy“-ის მინისტრ ადოლფო ურსოსთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, სოკარის მიმდინარე საქმიანობა იტალიაში და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობები.

როვშან ნაჯაფი ასევე დაესწრო რომში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ მიღებას, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს - 28 მაისს მიეძღვნა. ღონისძიებაზე გაიმართა SOCAR Italia-ს ოფიციალური პრეზენტაცია, რაც სოკარის იტალიურ ბაზარზე საქმიანობის ახალ ეტაპის დასაწყისია.