იანვარში ვენესუელური ნავთობის ექსპორტზე კონტროლის დაწესების შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებამ მისი გაყიდვებიდან დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, იტყობინება Financial Times, რომელიც საკუთარ გათვლებს ეყრდნობა.

FT-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ვენესუელას მშპ-ს დაახლოებით მეოთხედს შეადგენს და სანქციების შემსუბუქებას ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვენესუელაში ეკონომიკური აღდგენის ნიშნები ჯერ კიდევ სუსტია, რის მიზეზადაც აშშ-ს მიერ ვენესუელასთვის ნავთობიდან მიღებული ყველა შემოსავლის დაბრუნების უუნარობა სახელდება.

„ტრამპის ვენესუელაში შეჭრა თავიდანვე ნავთობს, ძალაუფლებასა და კორუფციას ეხებოდა. ამასობაში, ვენესუელური ნავთობიდან მიღებული მილიარდობით დოლარის შემოსავალი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამჭვირვალობისა და გარანტიების გარეშე კონტროლდებოდა“, - განუცხადა Financial Times-ს აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ.

ვენესუელის მთავრობამ შექმნა ვებსაიტი ამერიკული კომპანიებისთვის ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების თვალყურის დევნებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ ერთ ჩანაწერს შეიცავს - მარტში 300 მილიონი დოლარის გადარიცხვას. 21 ივლისს, აშშ-ის კონგრესის მოსმენაზე, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მარია ელვირა სალაზარმა ვენესუელური სახსრების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

როგორც Financial Times აღნიშნავს, ვენესუელას ნავთობის შემოსავლების ბედი კიდევ უფრო აქტუალური გახდა 24 ივნისს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. გაერო ეკონომიკურ ზარალს დაახლოებით 37 მილიარდ დოლარად აფასებს.