საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას, რაც მას მზარდი სატვირთო ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი განვითარების ხედვის, მათ შორის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის, პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარებისთვის.

ახალი ელმავლები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კვანძის, კონკურენტუნარიანობის ზრდას.

სატენდერო პროცესს საქართველოს რკინიგზა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.

ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს.