„ბრიტანეთის სასამართლოში დღეს გამართულ, პირველ სხდომაზე მოხდა ის, რაც ყველაზე ნაკლებად სურდა ნათია ჯანაშიას. მოსამართლემ მას უარი უთხრა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შუამდგომლობებზე და ამის ფონზე დაუკმაყოფილა მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომლის ხასიათიც იმგვარია, რომ პირიქით, ნათია ჯანაშიას ზრახვას ნაადრევად ხდის ფარდას“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას სამართლებრივი ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლონდონში ჩატარდა ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთის სასამართლოში წელიწადნახევრის წინ შეტანილი სარჩელის განმხილველი პირველი სხდომა. პროცესზე მთავარი სადისკუსიო თემა იურისდიქციის განსაზღვრა და სარჩელის დაშვებადობის საკითხია.

აფბას სამართლებრივი ცენტრის ინფორმაციით, ნათია ჯანაშიასთვის ლონდონის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული ერთადერთი შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ უნდა დაიკითხოს ექსპერტი,რომელსაც ნათია ჯანაშია ფულს უხდის და რომელმაც ბრიტანეთის სასამართლოს უნდა დაუმტკიცოს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა კორუმპირებულია, მოქმედებს ოლიგარქიული გავლენებით და ივანიშვილის ხელისუფლების მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს. ამ გარემოების დამტკიცების გარეშე, ბრიტანული სასამართლო სარჩელს განსახილველად არ მიიღებს, - აცხადებენ აფბაში.

ორგანიზაციის სამართლებრივი ცენტრის განმარტებით, სარჩელის დაშვებადობის განხილვა ნათია ჯანაშიას მხარემ, უხეში და გამოუსწორებელი შეცდომის გამო, საკმაოდ დაავიწროვა. მათი დასაბუთება მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არგუმენტების სისუსტის გამო. სარჩელის დაშვებადობა განიხილება მხოლოდ იმ ჭრილში, თუ რამდენად მოკლებულია დამოუკიდებლობას ქართული სასამართლო და რამდენად კორუმპირებულია მოქმედი ხელისუფლება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაფიქსირებული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას მოთხოვნა, ემსჯელათ „საქართველოს კაპიტალისა“ და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო ზეგავლენაზე სასამართლო სისტემაზე“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“

დღეს ლონდონის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული აღნშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, სადამდეცმონიტორინგის პროცესში, ბევრი სხვადასხვა გარემოების შეჯერების შედეგად მივედით - ნათია ჯანაშიას მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა რომელიმე ბიზნესმენი თუ კერძო სტრუქტურა. ეს  ფაქტი დღეს ლონდონის სასამართლოს პირველ სხდომაზე საბოლოოდ დადასტურა“, - აღნიშნულია აფბას სამართლებრივი ცენტრის განცხადებაში.