საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ჯუღელის შეფასებით, Nasdaq Calypso მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სახაზინო (Treasury) პლატფორმაა, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ.
როგორც ლაშა ჯუღელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ზოგიერთ ბანკში არსებული შიდა ინფრასტრუქტურა და გარკვეული არაავტომატიზებული სისტემები თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული განახლება აუცილებლობაა და არა ფუფუნება.
"Nasdaq Calypso არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ბანკები საკუთარ სახაზინო ოპერაციებსა და რისკებს მართავენ. ესენია: ლიკვიდობის, საპროცენტო, სავალუტო რისკები, ასევე მარეგულირებელი ანგარიშგების მართვა. რაც შეეხება - რას ნიშნავს ხუთი ბანკის ამ პლატფორმაზე გადასვლა?! საქართველოში ხუთი წამყვანი ბანკი ამ სისტემას ერთობლივად განავითარებს და ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურაზე დანერგავს. შედეგად, საბანკო სექტორი იმ ინფრასტრუქტურაზე გადავა, რომელიც განვითარებულ ფინანსურ სამყაროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. ეროვნულ ბანკს არაერთი რეფორმა უკვე დაწყებული აქვს. მათ შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები და საგადახდო სისტემების რეფორმა. აღნიშნულ სტრატეგიაში JIM-ის პროგრამა ბუნებრივად ჯდება.
საერთაშორისოდ აღიარებული და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვა წარმოადგენს იმ აუცილებელ საფუძველს, რომელზედაც ბაზრის შემდგომი განვითარება უნდა დაფუძნდეს. ამ საფუძველის გარეშე ბაზრის განვითარება წარმოუდგენელია. ბოლო წლებში საქართველოს საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზუსტად აღნიშნულმა ზრდამ გამოიწვია აუცილებლობა, რასაც მიმდინარე პროექტი გულისხმობს", - აცხადებს ლაშა ჯუღელი.
ცნობისთვის, ქართული კომერციული ბანკები - "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "ტერაბანკი" და "ბაზისბანკი" - სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემის მეშვეობით მოახდენენ.
BP.GE












