კომპანია „ფრიქსის“ კომერციული დირექტორის, ირაკლი ქურდაძის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ქურდაძის თქმით, პრობლემის არსში კარგად არიან გაცნობიერებული პრემიერი, მინისტრები, კომისიის წევრები და იმედი აქვს, უახლოეს პერიოდში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„მთავარი პრობლემა არის კომპლექსური, თუმცა ქსელების მხრიდან მაღალი მარჟების, ქეშბექების მოთხოვნა ქართველი მწარმოებლებისთვის ყველაზე დიდი ბარიერია, რომ მივაღწიოთ როგორც ფასის რეგულირებას, ასევე, ზოგადად, გადავრჩეთ. ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს. შესაბამისად, ქსელმა უნდა მოახდინოს ოპტიმიზაცია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს უკვე ქსელურმა მაღაზიებმა. შესაბამისად, ისინი კარნახობენ ბაზარს იმ პირობებს, რისი შესრულებაც გვიწევს მწარმოებლებს. თუ არ შევასრულებთ, დახლიდან მოვიხსნებით. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, დისტრიბუციამ, მწარმოებლებმა, ქსელებმა, მთავრობის ჩართულობით, შევიმუშაოთ თამაშის სამართლიანი წესები, რითიც შევძლებთ, ფასების რეგულირებასაც მივაღწიოთ, ქართული წარმოებაც დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.