უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ 9 ივლისის ღამეს უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე.

„დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი საჰაერო სამიზნე იყო - 741 სამიზნე: სხვადასხვა ტიპის 728 დრონი, რომელთაგან 300-ზე მეტი იყო „შაჰიდი“ და 13 რაკეტა - „კინჟალი“ ​​და „ისკანდერები“. სამიზნეების უმეტესობა ჩამოაგდეს“, - წერს ის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძირითადი დარტყმა ლუცკს მიაყენეს. ზიანი ასევე დაფიქსირდა დნეპრის, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქებში, დააზუსტა ზელენსკიმ.

„ეს დემონსტრაციული თავდასხმაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მშვიდობის მიღწევის, ცეცხლის შეწყვეტის ამდენი მცდელობა იყო და მხოლოდ რუსეთი უარყოფს ყველაფერს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სანქციებია საჭირო - მტკივნეული სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფულით ავსებდა მოსკოვის სამხედრო მანქანას ომის დროს. მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და მკვლელობებს აფინანსებს“, - წერს უკრაინის ლიდერი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა იციან, როგორ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რათა ის „იძულებული გახდეს იფიქროს ომის დასრულებაზე და არა ახალ დარტყმებზე“ და მოუწოდა მათ მოქმედებისკენ.

„მტრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მასიური და კომბინირებული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით კიევის რეგიონზე. განგაში 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რეგიონის ჩვეულებრივი მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები დაზარალდა“, - წერს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლა კალაშნიკი.

მისი თქმით, ბროვარსკის რაიონში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - ხანძარმა 8000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.