ფრენებზე ხელბარგისთვის დამატებითი გადასახადი შესაძლოა, ევროკავშირში მალე წარსულს ჩაბარდეს. 24 ივნისს კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, უფასოდ ატარონ 7 კგ-მდე წონის პატარა ხელბარგი. შეთავაზება მოქმედებს ბიუჯეტური ავიაკომპანიებით მგზავრობის შემთხვევაშიც.

უფრო კონკრეტულად კი, BBC წერს, რომ მგზავრებს უფლება ექნებათ, თვითმფრინავში თან იქონიონ 100 სმ-მდე ზომის ერთი ხელბარგი, ასევე სავარძლის ქვეშ დასადგმელი პირადი ნივთი, რომლის მაქსიმალური ზომაა 40x30x15 სმ და ეს ყველაფერი დამატებითი გადასახადის გარეშე.

ახალი წესის თანახმად, შეთავაზებას სჭირდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%-ის თანხმობა, მაგრამ თუ ის 2025 წლის ივლისში დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ იქნება მიღებული, ახალი წესები გავრცელდება ევროკავშირის ფარგლებში ყველა რეისზე, ასევე ევროკავშირიდან და მისკენ მიმავალ მარშრუტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მგზავრების სასარგებლოდაა შემუშავებული, ყველა არ არის ამ კანონის ამოქმედების მომხრე. ავიაკომპანიების ინდუსტრიის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ხელბარგის საფასურის გაუქმებას და აცხადებენ, რომ ბარგის ღირებულება საერთო ფასებში აისახება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ყველასთვის გაზრდის. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი წესები არსებითად აიძულებს მგზავრებს, თან იქონიონ ხელბარგი, რადგან ღირებულება მათ ბილეთში აისახება და მათ უარის თქმის შესაძლებლობა არ ექნებათ.