რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ირწმუნება, რომ ბიზნესმენმა და ჩელიაბინსკის რეგიონული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ სტრუკოვმა რუსეთის დატოვება სცადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას და მის ოჯახს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა.
გამოცემის ცნობით, სტრუკოვმა ჩელიაბინსკიდან თურქეთში გაფრენა სცადა „Bombardier“-ის პირადი თვითმფრინავით.
საჰაერო ხომალდების ფრენებს თვალყურის დევნების სერვისის, Flightradar24-ის ცნობით, „Bombardier“-ი, რომლის რეგისტრაციის ნომერი RA-67131 იყო, 5 ივლისის შუადღისას ირკუტსკის ოლქის ბრატსკიდან მოსკოვში გაფრინდა. 6 ივლისს თვითმფრინავი მოსკოვიდან ბაქოში, ხოლო იქიდან სტამბოლში უნდა გაფრენილიყო.
„კომერსანტის“ ცნობით, თვითმფრინავში მყოფმა მანდატურებმა სტრუკოვს პასპორტი ჩამოართვეს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა გააუქმა. გამოცემამ გამოაქვეყნა „ოპერატიული კადრების“ ფოტო, სადაც სტრუკოვი თვითმფრინავში მგზავრის სავარძელში ზის, ახლოს კი მანდატურის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დგანან. თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები ასევე გავრცელდა VChK-OGPU Telegram არხით. გაურკვეველია, სად და როდის არის ისინი გადაღებული.
კომპანია „იუჟურალზოლოტომ“ მედია კონსტანტინ სტრუკოვის მიმართ „ცილისწამებისა და დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართული ქმედების“ განხორციელებაში დაადანაშაულა. „იუჟურალზოლოტოში“ აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის დაკავების შესახებ გავრცელებული ჭორები მცდარია.
"სინამდვილეში, მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გუნდთან ერთად საქმიანი მოგზაურობიდან დაბრუნების მომენტია აღბეჭდილი“, - განუცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა ჩელიაბინსკის გამოცემა 74.ru-ს. მათი თქმით, მანდატურებმა სტრუკოვს სასამართლოში უწყება გადასცეს.
კომპანიის წარმომადგენელმა RBC-ს ისიც განუცხადა, რომ კონსტანტინ სტრუკოვი 5 ივლისს მოსკოვში, YGC-ის ოფისში, თავის სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.
სტრუკოვის შვილიშვილმა, ულიანამ, Telegram-არხ „ფრთხილად, სიახლეები“-თან თქვა, რომ ბიზნესმენი 5 ივლისს ოფისში მთელი დღე მუშაობდა - „დილის ექვსი საათიდან გვიან საღამომდე“. მისი თქმით, მანამდეც „ოჯახის შესახებ საკმაოდ ბევრი ჭორი“ ვრცელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩელიაბინსკის სასამართლოში რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილია სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია კონსტანტინ სტრუკოვის 11 კომპანიაში, მათ შორის „იუჟურალზოლოტოში“ წილების ჩამორთმევა. 2 ივლისს, ჩელიაბინსკის რაიონულმა სასამართლომ სტრუკოვს და მის ოჯახს, უსაფრთხოების ღონისძიების სახით, საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა.
კონსტანტინ სტრუკოვი ჟურნალ „ფორბსის“ რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 78-ე ადგილზეა. აპრილში გამოცემამ მისი ქონება 1,9 მილიარდ დოლარად შეაფასა.