"გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი" - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები.
"საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. სებ-ის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც.
საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები.
მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრო რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, დღეს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.