ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული სატვირთო გემი Eternity C იემენის სანაპიროსთან წითელ ზღვაში, ჰუსიტების, იემენის მეამბოხე მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მებრძოლების თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ორი წყაროს ცნობით, რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეკიპაჟის ხუთი წევრი გადარჩა. რამდენიმე მეზღვაური წყალში სამაშველო ჟილეტებით იპოვეს.
ლიბერიის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, რობერტ ვილმოტ კპადემ, დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, ბერძნულმა ტელეარხმა ERT-News-მა დააზუსტა: დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
გემის ოპერატორმა, Cosmoship Management-მა, Reuters-ს განუცხადა, რომ ორი მეზღვაური მძიმედ დაშავდა, ხოლო ორი დაკარგულია. ეკიპაჟი 21 ფილიპინელისგან, ერთი რუსისგან და შეიარაღებული მცველებისგან შედგებოდა.
UKMTO-ს (სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო ტრანსპორტის კოორდინაციის ცენტრი) ცნობით, გემს 7 ივლისს ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ხუთი ჭურვი მოხვდა. თავდასხმა მომდევნო დღესაც გაგრძელდა, სატვირთო გემი სერიოზულად დაზიანდა და გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ინციდენტი ჰოდეიდას პორტიდან დასავლეთით დაახლოებით 51 საზღვაო მილში (დაახლოებით 95 კმ) მოხდა.