2025 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.0 პროცენტიანი მატება. ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
2025 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.8 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3 პროცენტი), რამაც 0.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1 პროცენტი);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.31 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, აღნიშნული ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა. ამავე პერიოდში ფასების 0.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.8 პროცენტით გაიზარდა.
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 1.8 პროცენტით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 9.8 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.
ამასთან, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.1 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე. ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 1.3 პროცენტით. დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 2.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 22.7 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 10.1 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 6.8 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით.
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, ხოლო სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით. უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 12.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 20.9 პროცენტით. ამასთან, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 15.3 პროცენტით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 0.8 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 1.2 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 4.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 2.3 პროცენტით.