თბილისში, მეტეხის უბანში, კაფე "დილა" სტუმრებს ნოყიერი საუზმით უკვე ერთი წელია, უმასპინძლდება. მის მიღმა კი ახალგაზრდა მეწარმე ქალები დგანან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი სახლის კარი როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის ფართოდ გაეღოთ. პატარა, მყუდრო კაფემ უკვე არაერთი სტუმრის გული მოიგო.

მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლილე ხოფერია გვიყვება, თუ როგორ გაჩნდა იდეა, როგორ მართავენ ბიზნესს ციფრული არხების დახმარებით და რა გეგმები აქვთ მომავალში.

 როგორ დაიბადა კაფე "დილას" იდეა?

ადგილიც და გარემოც სრულიად ორგანული იყო ამ გადაწყვეტილებისთვის – აქ ვცხოვრობდი და თავდაპირველად სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთეთ. პარალელურად, მე და ჩემს მეგობარს, თამარ ლატარიას, ძალიან გვინდოდა კაფე ან ბარი გაგვეხსნა – ამაზე დიდხანს ვფიქრობდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ტურისტულ უბანში, სადაც ბევრი საოჯახო სასტუმროა, მაგრამ კაფეები - არა, ნამდვილად ღირდა ასეთი ობიექტის გახსნა. ასე გაჩნდა "დილა" - კაფე საუზმისა და ლანჩისთვის.

 და რატომ დილა?

დილა ახალ ენერგიასთან და დასაწყისთან ასოცირდება, ამაში კი საუზმე განსაკუთრებული როლს ასრულებს. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შევქმენით მენიუსა და კაფეს კონცეფცია. ასორტიმენტი მრავალფეროვანია - სტუმრებს როგორც კვერცხის ბაზაზე შექმნილი კერძების ვარიაციებს, ისე სენდვიჩებს, ვეგანურ და ვეგეტარიანულ სამზარეულოს ვთავაზობთ. გვინდოდა, საუზმე ევროპული, მაგრამ ქართულ ნოტებთან შერწყმული ყოფილიყო და ეს ისეთი ავთენტური ინგრედიენტებით გამოგვივიდა, როგორებიცაა სვანური მარილი, ჯონჯოლი და სხვა.

 რა გამოწვევები იყო პირველივე წელს?

კაფე 2024 წლის აგვისტოში გავხსენით, ტურისტულ სეზონზე და პირველივე თვეებში უამრავი სტუმარი მივიღეთ. მაგრამ შემოდგომის ბოლოს, როცა ტურისტების ნაკადი მცირდება, შედარებით რთული პერიოდი დაგვიდგა. მიუხედავად ამისა, ადაპტაცია მოვახერხეთ და გამოძახების სერვისები დავამატეთ. ეს სტაბილურობის მიღწევასა და ცნობადობის ზრდაში დაგვეხმარა.

 როგორი იყო სტუმრების გამოხმაურება?

ძალიან თბილი და გულწრფელი. განსაკუთრებით ის მოსწონთ, რომ კაფე დილის 8 საათიდან იღება – ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად წინა საღამოს დაჯავშნილი წინასწარი შეკვეთებიც შემოდის, რაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანებმა "დილა" საკუთარი რუტინის ნაწილად აქციეს. არაერთ სტუმარს სოციალურ ქსელებშიც დაუტოვებია შეფასება, რომ "ცხოვრებაში საუკეთესო სენდვიჩი” ჩვენთან დააგემოვნა – ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია.

 ციფრული გადაწყვეტების გარეშე მსგავსი საქმიანობა რთულია. როგორია ამ კუთხით თქვენი გამოცდილება?

ჩვენ ყოველდღიური გადარიცხვების, ანგარიშის მართვისა თუ შემოსავლის კონტროლისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალს, ასევე ინტერნეტ ბანკსა და მობილბანკს ძალიან აქტიურად ვიყენებთ. ჩვენნაირი მცირე ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – არ გვჭირდება ბუღალტრის რესურსი, ფინანსებს დამოუკიდებლად, ერთ სივრცეში ვმართავთ. რაც მთავარია, ტრანზაქციები მომენტალურად აისახება და ეს საქმეს ძალიან გვიმარტივებს.

ტერმინალი ჩვენი მომხმარებლებისთვის დიდი კომფორტია. ძალიან ახარებთ, როცა ასეთ პატარა კაფეში ციფრულად შეუძლიათ გადახდა. ეს მათში ნდობასაც აჩენს, ხოლო ჩვენთვის ოპერაციულად მოსახერხებელია. ასევე, ვიცით, რომ მომავალში, თუკი ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა დაგვჭირდება, ძალიან დიდ როლს შეასრულებს იმ ფინანსური დინამიკის წარდგენა, რომელიც დღეს ჩვენს ბიზნეს ანგარიშზე აღირიცხება.

ასევე, ვგეგმავთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერისა და Ads მენეჯერის გამოყენებასაც. გვინდა, მომხმარებლებისთვის შეთავაზებები უფრო ხშირად შევქმნათ – საკურიერო სერვისებთან პარტნიორობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შეთავაზებების შექმნის შემთხვევაში გამოძახების რაოდენობაც იზრდება.

 როგორი ხედვა გაქვთ მომავალზე?

გაფართოებაზე, დამატებითი ფილიალების გახსნაზე ვფიქრობთ. “დილა”  ახალი ენერგიის, მოძრაობის, სიმშვიდის სიმბოლოა. სწორედ ეს შეგრძნება გვინდოდა გადმოგვეცა კაფეს მეშვეობით და ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს შევასრულეთ. ჩვენთან მოსულმა ადამიანმა კი იცის, რომ რაც უნდა შეუკვეთოს, დილა სრულფასოვნად და სასიამოვნოდ დაიწყება. ახლა ჩვენი მიზანია, ეს შეგრძნება უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ.