ანალიტიკოსი დავით ოსეფაშვილი სოციალურ ქსელში ბაზიბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის გარიგების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. 

"ბანკები და ფინანსები" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"BasisBank"-ი ლიბერთი ბანკს ყიდულობს - მნიშვნელოვანი ცვლილება ქართულ საბანკო სისტემაში❗

"BasisBank"-ის მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენა, რეალურად ნიშნავს, რომ საქართველოს სიდიდით მესამე და მეოთხე ბანკი ერთიანდება. ამან შეიძლება გააძლიეროს კონკურენცია სიდიდით პირველ ორ ბანკთან, "თიბისისთან" და "საქართველოს ბანკთან", რომლებიც ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ საქართველოში.

ეს გარიგება დადებითად აისახება:

საპროცენტო პოლიტიკაზე - მცირე და საშუალო ბიზნესს, ახალი ბანკი უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.

სესხებზე ხელმისაწვდომობაზე - ბაზისბანკს შეიძლება ჰქონდეს რისკების შეფასების უფრო დაბალი მოთხოვნები, ვიდრე დასავლურ ბანკებს აქვთ, რაც მეწარმეებს გაუადვილებს დაფინანსების მოპოვებას.

სამომხმარებლო კრედიტების დივერსიფიკაცია:

"ლიბერთი ბანკი" წლების განმავლობაში, ფოკუსირებული იყო საპენსიო სესხებზე. ბაზისბანკის მეშვეობით კი შესაძლოა, სტრატეგია გადაიხაროს უფრო დინამიური, სამეწარმეო და ინფრასტრუქტურული სესხების მიმართულებით, რაც ეკონომიკაზე სისტემურად დადებით გავლენას მოახდენს.

ფინანსური სუვერენიტეტის გაძლიერება

ბოლო წლები საქართველოსთვის გამოირჩეოდა დასავლური ფინანსური ინსტიტუტების (IMF, EBRD, WB) გავლენებით. ლიბერთი ბანკის ისეთი მფლობელისთვის გადაცემა, რომელიც დასავლეთზე არ არის დამოკიდებული, ქმნის შიდა ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის მზრდ პოტენციალს.

პენსიებისა და სოციალური პოლიტიკის უცხოური კონტროლი

სოციალური გადახდების, განსაკუთრებით კი პენსიების, მომსახურების უფლების ფლობა, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. სახელმწიფომ, სავარაუდოდ, უნდა გააგრძელოს კონტროლი ამ პროცესზე, თუმცა, მფლობელის ცვლილებამ, შეიძლება გავლენა იქონიოს საკრედიტო პოლიტიკაზე და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებზე.

დასავლური წნეხის ბალანსირება

ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან, მომავალი პოლიტიზებული სანქციების ფონზე (მაგ., სვიფტიდან გათიშვის მუქარა), ჩინური კაპიტალის გაძლიერება, ქმნის სტრატეგიული ბუფერის შესაძლებლობას. ეს კი  არის ბალანსის პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს საქართველოს მოქმედების თავისუფლებას, გლობალურ გეოპოლიტიკაში.

ჩინეთის ინტერესების გაფართოება

"ჰუალინგ ჯგუფი" უკვე რამდენიმე სექტორშია წარმოდგენილი საქართველოში: უძრავი ქონება, ვაჭრობა, ლოგისტიკა. ახლა ამას უკვე, საბანკო სექტორიც ემატება. ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჩინეთის "მაკროინვესტიცია" საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს, გავლენის ზრდას სამხრეთ კავკასიაში, როგორც პირდაპირ განაცხადს, "აბრეშუმის გზის" აღდგენაზე.

დასავლური რეაქცია

სავარაუდოა, რომ დასავლეთის ქვეყნები, ელჩების დონეზე გამოთქვამენ გარკვეულ შეშფოთებას და უარყოფით პოზიციას, თუმცა ფორმალურად, ჩარევის საფუძველი დასავლეთს არ ექნება, რადგან "ბაზისბანკი", უკვე მოქმედი ლეგალური მოთამაშეა საფინანსო ბაზარზე. დასავლეთს რა თქმა უნდა არ მოეწონება, რომ პენსიების განაწილების ერთ-ერთი რგოლი, ჩინეთის გავლენის ქვეშ გადადის, თუმცა, ეს მისი პირადი დამოკიდებულება იქნება, ამ საკითხზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022 წელს, ბაზისბანკმა იყიდა რუსული "VTB"-ს მსხვილი აქტივები საქართველოში, რაც მაშინ მნიშვნელოვან გარიგებას წარმოადგენდა (დაბალ ფასში სტაბილური აქტივების შეძენა). "ლიბერთის" შეძენით კი "ბაზისბანკი", კიდევ უფრო გაძლიერდება საფინანსო სექტორში.

შეჯამება:

ეკონომიკურად - გარიგება ზრდის კონკურენციას, საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, აფართოებს სესხების ბაზარს და აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს.

პოლიტიკურად - ამცირებს საქართველოს ფინანსური სექტორის, დასავლურ ფინანსურ სექტორზე დამოკიდებულებას და აძლიერებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს ამ სფეროში.

გეოპოლიტიკურად - აღნიშნული ბანკი, წარმოადგენს ჩინური კაპიტალის დომინანტურ როლს საქართველოში, რასაც დასავლეთისგან, კრიტიკული რეაქციები აუცილებლად მოჰყვება. თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩინური კაპირალი პირდაპირ კონკურენციაში შევა საქართველოში არსებულ ყველა საფინასო ინსტიტუტებთან, რაც თავის მხრივ გააჯანსაღებს ფინასურ გარემოს და დასავლურ კაპიტალს გაუჩნდება, რეალური და წონიანი კონკურენტი ჩინური ბანკის სახით", - წერს ოსეფაშვილი.