შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოსადგენია, - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზანგეზურის დერეფანი იქნება რეგიონალური ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტი შუა აზიური ქვეყნების და თურქეთისათვის.
"ზანგეზურის სარკინიგზო დერეფნის იდეა არ არის ახალი იმ თვალსაზრისით, რომ ეს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი დერეფანი იყო. ზანგეზურის დერეფანი მსგავსი გეოგრაფიით გამოირჩევა, როგორიც საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას აქვს. ამ დერეფნის 80%-ზე მეტი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლაა. როგორც ცნობილია, იქ ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდიდან არის შენარჩუნებული და მცირედ განახლებას საჭიროებს. ალბათ, ყველა დაინტერესებულ პირს სწორედ ეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზანგეზურის დერეფანი ადვილად განსახორციელებელი პროექტია და ამისთვის, ბევრი დრო და თანხები საჭირო არ იქნება.
შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოსადგენია. მეტ-ნაკლებად ვიცი ჩინურ-რუსული ვაჭრობის სტრუქტურული მექანიზმები ლოგისტიკური თვალსაზრისით და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი, ზღვა ტვირთის ზანგეზურის დერეფანში შეუფერხებლად გატარება პრობლემასთან იქნება დაკავშირებული", - აცხადებს ლევან სულაბერიძე.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის მესამე გლობალურ მედიაფორუმზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათ შორის საუბრის თემა იყო ზანგეზურის დერეფნის როლი, რომელმაც, მისივე თქმით, მრავალი ქვეყანა უნდა დააკავშიროს. ალიევი თვლის, რომ აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს, არა მხოლოდ მიიღოს და დაამუშავოს ტვირთები, არამედ გადაამისამრთოს ისინი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე.
ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვის შესაძლებლობაზე, რაზეც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იქნება არანაირი ოპერატორი, იჯარა ან ქირა.
BP.GE