მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 80%.
რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას, პროგრამის პირობების შესაბამისად, ნახევარ ჰექტარზე თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 60%-ით, არაუმეტეს 1,500 ლარით.
პროგრამაში მონაწილეობა ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია, მაგრამ მიღებული დაფინანსება, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს, ლურჯი მოცვის შემთხვევაში - 750,000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე.
პროგრამაში განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://my.rda.gov.ge/signin
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4kacovc













