ფასების რეგულირება აუცილებელია, თუმცა პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, ფილოსოფია რამდენად გამართულია პრემიერის ამ იდეის, რაც ფასების რეგულირებაზე ითქვა, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ლიბერალური ეკონომიკის თვალსაზრისით, ლიბერალური ეკონომისტების ხედვით, ჩვენმა პრემიერმა ჩაიდინა მკრეხელობა, რომ უარყო ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი. ერესი თქვა, ფაქტობრივად. ლიბერალების აზრით, ყველაფერს დაარეგულირებს ბაზარი, მაგრამ ბაზარი დაარეგულირებს ამას შემდეგ ეპოქაში, ხოლო მოქალაქეებს პროდუქტების ყიდვა სჭირდებათ აქ და ახლა. ეს დროითი ლაგი დარეგულირებასა და ყიდვის საჭიროებას შორის ძალიან დიდი არის ფიზიკური არსებობისთვის. ამდენად, ადამიანს ახლა დარეგულირებული რაღაც სჭირდება ყიდვის პროცესში და არა შემდეგში რაღაც ნათელი მომავალი. რამდენად გაკეთებადია ეს? ეს ყველაფერი არის გაკეთებადი, მაგრამ, პირველ რიგში, ამ იდეის შესრულებაზეა საქმე. იდეა არის ძალიან კარგი და ძალიან ჯანმრთელი, მაგრამ მთავარია, შესრულება როგორი იქნება. ჩემი აზრით, აქ უნდა იყოს მეტი ანალიტიკა, მეტი სტატისტიკა და ნაკლები ადმინისტრირება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ფასწარმოქმნა დათვლადია თითოეულ პროდუქტზე, რა ფასნამატით მიდის მომხმარებლამდე პროდუქცია მწარმოებლიდან, იმპორტიორიდან თუ ფირმიდან და შემდგომ ეს გვიჩვენებს, სად არის დიდი ზრდა, მატება და ხომ არ არის კარტელური გარიგება.
„არის ხოლმე ამაზე საუბარი, ხომ არის კარტელური გარიგება. კარტელური გარიგება შეთქმულების ერთ-ერთ ნაირსახეობაა, რომელიც ხელმოწერილი დოკუმენტებით არასდროს არ დასტურდება. ეს არის ვერბალური შეთანხმება და ვერბალურ შეთანხმებას არანაკლები წონა და ძალა აქვს, ვიდრე ხელმოწერილ დოკუმენტს. ხანდახან ხელმოწერილ დოკუმენტს არ აქვს იმდენი ძალა, რამდენიც ვერბალურ შეთანხმებას. ამიტომ არის საჭირო მეტი ანალიტიკა“, – განაცხადა კაპანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის კარტელური გარიგებებია შესაძლებელი, ჰიპოთეტურად რომ არსებობდეს, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა, რომ, ჰიპოთეტურად, თუ არის სულ ორი შემომტანი რაღაც პროდუქტის, შესაძლოა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პროდუქტი რაღაცაზე დაბალ ფასში არ გაყიდონ.
„ვთქვათ, ფასნამატი იყოს, სულ მცირე, 50% და პატიოსნად, ამ 50%-ის მახლობლობაში იქნებიან. ამას დაინახავ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება, რომ შემომტანი არის ორი და ორივეს რატომღაც ერთნაირი ფასნამატი აქვს. რაღაც გარიგება თუ გამოიკვეთება და უკვე გამოძიებას საჭიროებს, მაშინ უნდა ჩაერთოს სამართალდამცავი სტრუქტურები, მანამდე კი ეს ყველაფერი შეიძლება იყოს რეგულირებადი. მოკლედ, ეს პროცესი არ უნდა იყოს რაღაც კამპანიურ რეჟიმში, შევხვდით, დავუშვათ ვიღაცებს და ეს ვიღაცები დაგპირდნენ, არ ვიცი, ზოგი სიტყვიერად დაგვპირდა, ზოგმა, შეიძლება, ხატზე დაიფიცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. ეს უნდა იყოს ასე, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდნენ ამაზე და უნდა მუშაობდეს კონკურენციის სააგენტო”, – განაცხადა კაპანაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის და რამდენად მართებული იქნება, თუნდაც დღგ-ის მოხსნა თუ მოგების გადასახადის შემცირება ფასების გასაიაფებლად, ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღგ-ის და მოგების გადასახადის შემცირება-გაუქმებასთან დაკავშირებით არცერთი დაწერილი ანალიზი არ უნახავს.
„ეს ყველაფერი, რაც მე მომისმენია, არის დეკლამაციური ჟანრის მსახიობებისგან ნათქვამი სადღეგრძელოს რანგში. დაწერილი, თუ რას ნიშნავს ეს, რატომ არის ეს პრობლემა და ამ გადასახადის გაუქმებით და შემცირებით რა შედეგი დადგება, მე გაანალიზებული ჯერ არ მინახავს. კაცმა რომ თქვას, მე მგონი, დაწერილიც არ არის. ეს კომენტარები არის არასერიოზული, როდესაც ასეთ წინადადებას დააყენებ, ყველაფერი ეს დათვლადია და უნდა დაითვალოს. დავუშვათ, გავაუქმეთ დღგ, რომელიც არის თითქმის 35% მთლიანი ბიუჯეტის და საიდან მოგვაქვს ეს ბიუჯეტი მერე? მეორე, ეროვნულ ბანკს შეუძლია თუ არა ფასებზე ზემოქმედება? ეროვნული ბანკი არეგულირებს ფინანსურ ნაკადებს ქვეყანაში და მას ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია, ამას აკეთებს და საკმაოდ წარმატებითაც.
ინფლაციის ტემპით საქართველო მაინცდამაინც ლიდერებში არ არის ჩვენს სამეზობლოში. ამდენად, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის, ასე ვთქვათ, თავისი იურიდიქციის ფარგლებში თავის საქმეს წარმატებით აკეთებს, მაგრამ უშუალოდ ფასების ზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სხვა რამეა და ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს; ეს უნდა გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ და ეს არ უნდა იყოს კამპანიური რეჟიმი, ეს უნდა იყოს რუტინა 24-საათიან რეჟიმში“, – განაცხადა კაპანაძემ.













