საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში რეზერვების ჯამური მოცულობა 82.6 მილიონი დოლარით, 8.24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 2.64 მილიარდ დოლარს, ანუ 47%-ს შეადგენს.

როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს კიდევ ერთი პარტია შეისყიდა რის შედეგადაც ოქროს რეზერვების მოცულობამ 1.36 მილიარდ დოლარს მიაღწია, შედეგად მონეტარული ოქროს მოცულობა 250,000 უნციიდან 350,000 უნციამდე, ანუ 10.9 ტონამდე გაიზარდა. გასულ თვეში განხორციელებული ოქროს შესყიდვის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

"ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება", - ნათქვამია სებ-ის გარვცელებულ ინფორამციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.