საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1 789 გემი, რომელთა 50.9% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.6% - თხევადი ტვირთმზიდი, 15.5% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 40.4%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 38.8%-ით მეტი - სპეციალიზებული, 2.5%-ით მეტი - ნაყარი ტვირთმზიდი, 26.7%-ით ნაკლები - კონტეინერმზიდი და 16.6%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% - თურქეთის, 9.9% - მალტის, 8.3% - ლიბერიის, დანარჩენი 48.9% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურები 12.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 52%-ს შეადგენდა.

ამასთან, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 637.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 6.8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31% - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.3% - ნაყარი ტვირთი.