ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა.
მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის, აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
მინისტერიალის სხდომას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.













