ქვეყნისთვის დიდი ჰიდროელექტროსადგურების საჭიროებაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო დღეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა შიდა წარმოება მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს და ენერგოდეფიციტი ჩნდება, დიდი ჰესები ჰაერივით საჭიროა.

„დიდი ჰესები ქვეყანას ჰაერივით სჭირდება და ამას ორი რამით ძალიან მარტივად დავასაბუთებ. პირველი ის, რომ დღეს ნაწილობრივ ბუნებრივი აირი შემოდის იმპორტით და ხდება თბოსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავება, ნაწილი ელექტროენერგია შემოდის პირდაპირ იმპორტით. ანუ იმპორტზე დამოკიდებული ვართ, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ვიდრე გაზაფხულზე წყალუხვობა არ დაიწყება და ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები მაქსიმალურად არ დაიტვირთება. ამიტომაც გვაქვს დეფიციტი - ანუ ჩვენი მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის წარმოება. ამიტომაც საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

და მეორე, მნიშვნელოვანია ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ენერგოდამოუკიდებელი და ენერგოუსაფრთხო ვიყოთ და ვიცოდეთ რა ფასად შევძლებთ ამ ენერგიის მიწოდებას სისტემისთვის. იმპორტის შემთხვევაში - იმპორტზე ფასები ხშირად ცვალებადია და დამოკიდებულია ბაზარზე. მაშინ როცა თუ ამ სადგურებს ავაშენებთ, იქნება ფიქსირებული ფასი და სხვათა შორის ჩვენ როგორც მარეგულირებელი როცა წინასწარ პროგნოზირებას ვაკეთებთ ამ სადგურების ასაშენებლად არსებული ფასები, რაც შეიძლება ეს დაჯდეს და ინვესტორმა ამოიღოს მისი ჩადებული ინვესტიცია თავის უკუგების ნორმის გათვალისწინებით, არ იქნება მძიმე და ჩვენი საერთო სამომხმარებლო ტარიფისთვის ეს იქნება მისაღები. ამიტომაც უნდა აშენდეს ეს სადგურები, უნდა აშენდეს ხუდონიც და უნდა აშენდეს ნამახვანიც“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.