საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ MEDEF International-ის დელეგაციას საქართველოში არსებული მიმდინარე ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი დეტალურად გააცნო, საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის დინამიკას, კერძო სექტორის როლსა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე, BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით კერძო სექტორის მოლოდინებს.

შეხვედრას ესწრებოდა „აწარმოე საქართველოში"-ს საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით თავლალაშვილი, რომელმაც წარადგინა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, პრიორიტეტული სექტორები და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები.

შეხვედრა გაგრძელდა ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში, სადაც ფრანგული დელეგაციისა და BAG-ის წევრების წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის სესია გაიმართა და კონკრეტული თანამშრომლობისა და ქართულ-ფრანგულ ბიზნესწრეებს შორის პარტნიორული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 20 სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები საფინანსო, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კონსალტინგისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MEDEF International-ის დელეგაციასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რადგან აღნიშნული ქმნის რეალურ პლატფორმას ქართულ და ფრანგულ ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. BAG ინდექსის შედეგების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ ობიექტური სურათი ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებსა და კერძო სექტორის მოლოდინებზე. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი გადაიზრდება კონკრეტულ პარტნიორობებსა და საინვესტიციო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ MEDEF International წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციას და მის წევრ დაახლოებით 800 000 კომპანიას. ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ფრანგული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას, ინვესტიციების განხორციელებას და საგარეო ვაჭრობის განვითარებას.