სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მესხეთის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მეცნიერულ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს.
მხარეებმა მესხური მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ წარსულზე, არსებულ მდგომარეობაზე, ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენისა და პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობაზე, გეოგრაფიული აღნიშვნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოზე, ტერიტორიის განსაზღვრის საკითხებზე, ასევე, ახალი ვენახის გაშენების, ღვინის წარმოების ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიება, მეცნიერული კვლევა და აღდგენა წარმოადგენს რეგიონისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მიმართულებას.
„მესხეთი ისტორიულად მევენახეობის მნიშვნელოვანი კერაა და ეს პოტენციალი დღესაც რეალურ საფუძველს ქმნის. ახალი ვენახის გაშენება უპირველესად უნდა დაეფუძნოს ადგილობრივ, მოძიებულ და აღდგენილ ვაზის ჯიშებს, მათ კვლევას, მართებულ, მათ შორის, ტერასებზე გადაადგილებას, ცოდნას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საფუძველია ხარისხიანი და მოთხოვნადი სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოებისა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგრობიომრავალფეროვნების კვლევების მნიშვნელობაზე, ადგილობრივი ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანის საკითხებზე,რეგიონის განსხვავებულ ნიადაგურ და კლიმატურ პირობებზე, მცირე საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერასა და მესხური ღვინის ბრენდის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე, მათ შორის, აგროეკოტურიზმთან ინტეგრაციის მიმართულებით.
დისკუსიის შედეგად გამოითქვა მოსაზრება შეიქმნას მევენახეთა და მეღვინეთა გაერთიანება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტების მხარდაჭერით იმუშავებს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული სწავლების, ცოდნის გაზიარებისა და კოორდინირებული საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული გაერთიანება ხელს შეუწყობს მესხური ღვინის, როგორც რეგიონული იდენტობისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის, პოზიციონირებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.













