პოლიტიკისგან განსხვავებით, ეკონომიკაში რაიმე, თუნდაც პროგნოზთან მიახლოებულ თემაზე ლაპარაკს, როგორც წესი, თავს არიდებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სფეროში მოლოდინი, ასე თუ ისე, პოზიტიურია და გლობალური მასშტაბითაც არ ელოდებიან რაიმე არსებით ძვრებს.
"საქართველომ უნდა შეძლოს გლობალური ეკონომიკის მღვრიე და მაღალ ტალღებში სტაბილურობის შენარჩუნება"
სოსო არჩვაძე, ეკონომისტი: - ჩვენზე გარე ფაქტორები სერიოზულ გავლენას ახდენს და გლობალური მასშტაბით რაც მოხდება, საქართველოზეც აისახება. მხოლოდ ენერგეტიკული რესურსები რომ ავიღოთ, - ჩვენი რესურსები ნავთობის საერთო მოხმარებაში მხოლოდ 9 იანვრის 18 საათამდე გვეყოფა, ხოლო ბუნებრივი გაზი - მხოლოდ 2 იანვრის დილის 9 საათამდე.
ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ დარგებში წინსვლა გვაქვს, მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით. რაც იქ მოხდება, აისახება ჩვენზეც და ცალკეულ შემთხვევებში უფრო ძლიერადაც, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური შემთხვევები.
- დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, გლობალურად რა მოხდება, რა იქნება მომავალ წელს, მაგალითად, 5 ყველაზე მთავარი მოვლენა?
- მნიშვნელოვანია, როგორ გადალაგდება ეკონომიკა - როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ. საკმაოდ ტურბულენტური სიტუაციაა და ეს უკავშირდება არა მხოლოდ არსებულ მდგომარეობას, როგორიც არის ომი უკრაინაში, სირიის ამბები, სხვა მიმართულებებითაც დაძაბულობაა, არამედ აშშ-ის ხელისუფლებაში კონსერვატორული შეხედულებების ტრამპისა და მისი გუნდის მოსვლას. ამერიკის ეკონომიკის წილი გლობალური მასშტაბით საკმაოდ დიდია და ამ ქვეყნის ქცევა არა მარტო საერთაშორისო გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებითაც, დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოს ეკონომიკურ წესრიგზე. ტრამპის განცხადებით, აპირებენ ამერიკული ინტერესების გაძლიერებას და საკმაოდ ხისტი პოლიტიკის გატარებას. სლოგანი, დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადეო, უკავშირდება კონკრეტულ ნაბიჯებს - მაღალ სატარიფო განაკვეთებს, უშუალო მეზობლების ჩათვლითაც კი, ხისტი დამოკიდებულება ბრიკსის ამჟამინდელი წევრების მიმართ, თუკი ისინი ანგარიშსწორებისას სხვა ვალუტას გამოიყენებენ.
ამასთან, სირიაში ხელისუფლების შეცვლა გზას უხსნის კატარიდან თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს რუსული ფაქტორის გავლენა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. ეს პროცესები კი, ცხადია, უმტკივნეულო არ იქნება. ეკონომიკა ყოველთვის იყო პოლიტიკის მძევალი, მაგრამ ასეთ პირობებში რომელი რომლის მძევალია, ეკონომიკა პოლიტიკის თუ პოლიტიკა ეკონომიკის, ძნელი სათქმელია. ეს პროცესი გლობალური მასშტაბით უფრო დრამატულ ხასიათს მიიღებს.
ასეთ ვითარებაში საქართველოს რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ შეძლოს სერფინგისტის ოსტატობით გლობალური ეკონომიკის მღვრიე და მაღალ ტალღებში სტაბილურობის შენარჩუნება, რათა შეძლოს მოსახლეობის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა, ბიზნესის არა მარტო წახალისება, არამედ მეტად მოტივირება და მეტი პატრიოტიზმის გაჩენა მათ ქმედებებში. ეს კი მხოლოდ მოწოდებებით ვერ მოხდება, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბიზნესის წახალისება, რომ შეძლონ პროაქტიული როლის შესრულება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს არა მხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა უფრო მდგრადი იყოს, არამედ იმიტომაც, რომ გარე რესურსებზე წვდომა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეიძლება გართულებული გვქონდეს და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის შიდა ფაქტორებისა და რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებაზე.
ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი გვქონდა, საშუალოდ 2,5-ჯერ აღემატებოდა გლობალური ზრდის ტემპს, მაგრამ ასე მუდმივად ვერ იქნება, ამიტომ საჭიროა ადგილობრივი ბიზნესის მეტი მოტივაცია. სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, აშშ-ც ცდილობს წაახალისოს საკუთარი ბიზნესი, ვისაც უცხოეთში აქვს კაპიტალი, რათა ინვესტირება ამერიკის ეკონომიკაში მოახდინოს.
- საქართველოს ეკონომიკაში რა ჩაითვლება მთავარ მოვლენად? თუნდაც ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება არსებულ ნიშნულზე? იქნება ეს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ამბებს შორის წამყვანი?
- არ არის აუცილებელი, ქვეყანაში ყოველ წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყოს. დეკემბრის ამბების გამო, ვფიქრობ, დაახლოებით 3 პუნქტით მაინც ნაკლები ზრდა გვექნება წინა თვესთან შედარებით. ცხადია, ეს მომავალი წლის შედეგებზეც მოახდენს გავლენას. წარმოების მთელი რიგი დარგები გაჩერებულია.
1990 წლის შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია, ჩვენ სულ 5 წლის განმავლობაში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გვქონდა ვარდნა - 2009-სა და 2020-ში, აგვისტოს ომის შემდეგ და კოვიდპანდემიის გამო. შევეგუოთ, რომ გვექნება საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს მაინცდამაინც ორნიშნა ზრდის სამიზნედ აღება. არამედ ინკლუზიურობის ხელშეწყობა, რათა ადამიანებმა იგრძნონ, როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მათ პირად კეთილდღეობაზე. იმედია, ეს გაისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
- თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას და პროტესტი გაგრძელდება, მაშინ რას ელოდებით?
- არა მგონია, ისეთი აპოკალიფსური შედეგი მივიღოთ, რასაც ამბობენ, რომ ეკონომიკა ჩამოიშლება და ა.შ. საზოგადოებას აქვს გენეტიკური მეხსიერება რთული და მძიმე პირობებისა, რაც 1990-იან წლებში გამოიარა, ამიტომ თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ ძლიერია. ეს აქვს მოსახლეობასაც და ბიზნესსექტორსაც. ისინი ყოველგვარ გამოწვევებთან დაკავშირებით კონტრზომებს მიიღებენ, რათა მაქსიმალურად გადაარჩინონ საკუთარი ბიზნესი, საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა და შეინარჩუნონ წარმოებისა და კონკურენტუნარიანობის მიღწეული დონე. ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, და თუ ყველა ექსპერტი, ყველა ეკონომისტი ყველა მედიასაშუალებით დაიწყებს ვიშვიშს და არ შესთავაზებს რეცეპტს, რომ უკეთესად იყოს საქმე, მაშინ პრობლემები ვერ მოგვარდება.
ჩვენ მეტი პოზიტივი და იმედი უნდა მივცეთ საზოგადოებას, რათა ხელები კი არ ჩამოუშვან, არამედ იფიქრონ იმაზე, რომ თუ აქტიურად იმუშავებენ, შეძლებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ბიზნესის, არამედ ქვეყნის გადარჩენაში წვლილის შეტანასაც.
რუსა მაჩაიძე
kvirispalitra.ge