ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ფიქრობს, რომ მთავრობამ სწორი გზა აირჩია, რადგან,მისი თქმით, ქვეყანას ომი აარიდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნა.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რა საფრთხის წინაშე დადგა საქართველო.
“როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, იგივე საშიშროების წინაშე ვიდექით ჩვენც. 12 წლის განმავლობაში ქვეყანა გამოწვევებს უმკლავდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური ზრდა იყო, ყველა კმაყოფილი იყო და ბიზნესში მიღწევები ჰქონდათ. დადგა ის ავბედითი დღე, როდესაც ქვეყანა დადგა ომის საშიშროების წინაშე. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველოსთან იყო მოთხოვნა, რადიკალური ნაბიჯები გადაედგა. საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანას ომი დაეწყო, რადგან ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა. წარმოიდგინეთ პარალელურად მიდის ომი და ჩვენ გვთხოვენ - ჩაერთეთ ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, როგორც ხსნიან, ჩვენი მთავრობის მხრიდან იყო განცვიფრება, რადგან ასეთ მოთხოვნას არ ელოდნენ.
შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება დადგა სწორ პოზიციაზე და თქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი. კითხვა იყო - ჩვენ თუ ამ ნაბიჯს ვდგამთ, შემდეგ რა ვითარებაა და ამ ყველაფრიდან რა შედეგი იქნება? შედეგი იყო ასეთი - რამდენიმე დღე გაუმკლავდებით ომს და შემდეგ გადახვალთ ტყეში და დაიწყებთ პარტიზანულ ბრძოლას. ამის გააზრება ხომ ყველას გვმართებს? სცენარი, რომ ჩვენ უკრაინელებთან ერთად ომში ჩავბმულიყავით, არ შედგა. მთავრობა სწორ პოზიციაზე დადგა და და მე ამას დავარქვი ქართული გზა.
არ მესმის, ბიზნესმენი ან რიგითი მოქალაქე როგორ არ აფასებს ამ განვლილ 12 წლის გზას? - გარშემო ცეცხლი გვაქვს მოკიდებული, რა მდგომარეობაა, ხალხი იღუპება, ქვეყნები ნადგურდება, ჩვენ, დღეს, ბიზნესმენები აქ ვზივართ და ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ. მთავრობამ ომსაც აგვარიდა, ეკონომიკური ზრდით. შეგვიძლია კონკრეტული ეკონომიკური ზრდა დავდოთ მაგიდაზე და ვნახოთ რა შედეგები იყო. მესმის, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, საფრთხის წინაშე ვართ, ამას უნდა ერთად დგომა, მედგრად დგომა”, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.