,,ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირ ბულინგს არ ექვემდებარებიან. საქართველოში არიან სოლიდური კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგის ყველაზე უბადრუკი მცდელობა გაფიცვისკენ მოწოდება იყო.

„ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ადამიანები აღმოჩნდნენ ბულინგის მსხვერპლნი, არამედ კომპანიებიც, ბიზნესსექტორი აღმოჩნდა სერიოზული ბულინგის მსხვერპლი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო ყველაზე უბადრუკი მცდელობა ბიზნესის ბულინგის, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირ ბულინგს არ ექვემდებარებიან. საქართველოში არიან სოლიდური კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციაში ბიზნესი ყოველთვის დგას მოსახლეობის გვერდით ისე, როგორც მას შეუძლია. ასე რომ, ქართულ ბიზნესს არავის მოწოდება არ სჭირდება. ქართულ ბიზნესში ვგულისხმობ ბიზნესს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

ბულინგის ყველაზე უბადრუკი მცდელობა იყო გაფიცვისკენ მოწოდება. გამოდიოდნენ და დღესაც ვნახეთ, რომ გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ან იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესზე სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვაგვარად, ან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში, როდესაც სახელმწიფო ძალადობდა ბიზნესზე, ამ ძალადობრივ ქმედებებში მაქსიმალურად უწყობდა ხელს, ვგულისხმობ 2003-2012 წლების პერიოდში. ვიცით, რომ ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და მათ შორის გამოთქვამს თავისუფლად აზრს. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ იყოს 12 წლის წინანდელი პერიოდი, ერთი საღამო და ის ადამიანები დასჭირდებოდა, რომლებიც ახლა ბიზნესს გაფიცვისკენ მოუწოდებენ“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.