„დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის (მპ) შედეგია, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. მპ ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს და შეინარჩუნებს ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროენოკომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამთა სოფრომაძემ, პოლიტიკის შეფასებისას, მპ განაკვეთის 8% შენარჩუნებაზე.

აღნიშნა, რომ 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობს. ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე კი ყველაზე კარგად ასახავს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების გავლენას.

„ნოემბერში ინფლაციური მოლოდინები კლებადია, გარემო დაბალინფლაციურია. ეროვნული ბანკის მოლოდინით და შეფასებით ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი, საშუალოდ 1,2% შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან დასტაბილურდება“, - აღნიშნა სებ-ის მაკროენოკომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

თამთა სოფრომაძემ ყურადღება გაამახვილა ინფლაციურ რისკებზე, რაც როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. მწვავე გეოპოლიტიკური ვითარება მისი შეფასებით ქვეყნის სუვერენული რისკის პრემიის ზრდის საფრთხეს ქმნის.

ამავდროულდ გაზრდილი გაურკვევლობა და საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასების მატება,ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების წინაპირობაა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს გაიმართება.