Yandex-ის ხმოვან ტექნოლოგიებში აფხაზური ენის დამატება იგეგმება. ეს საკითხი დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, კრემლში აფხაზეთის კურატორ სერგეი კირიენკოს შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნბას პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2025 წლის ბოლოს აფხაზური და აბაზური ენები Yandex.Translate-ის ტექსტურ ფორმატში შევიდა. თუმცა Yandex-ის ეკოსისტემაში აფხაზურ ენაზე ხმოვანი შეყვანისა და ხმოვანი თარგმნის ფუნქციები ჯერ დანერგილი არ არის.
„შემდეგი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ეტაპია ტექსტზე დაფუძნებული კომუნიკაციიდან მეტყველების ამოცნობისა და მეტყველების სინთეზის ტექნოლოგიების დანერგვაზე გადასვლა, რაც ხმოვან სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებში აფხაზური ენის სრულ არსებობას უზრუნველყოფს,“ - წერია განცხადებაში.
გუნბას პრესსამსახური აცხადებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებამ კირიენკოს მხარდაჭერა მიიღო.
BPN.GE













