ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გოჩა თუთბერიძე, ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
"ბანკები და ფინანსები" თუთბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"არ შეიძლება არ გამოვეხმაურო სებ-ში მიმდინარე პროცესებს, სადაც 8 წელი ვიმუშავე და ჩემს მეგობრებთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. არ მინდა ვისაუბრო ისტორიაზე. უმადური საქმეა. ისტორია ყოველთვის სუბიექტურია. მინდა ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებიც იქ მუშაობენ და რომლებიც მაღალი კლასის, პროფესიონალი საჯარო მოხელეები არიან. ბევრი მათგანი ჩემთან მუშაობდა ან დაიწყო საქმიანობა, ნაწილი ჩემი სტუდენტი იყო და ა.შ.
დღეს ეს ადამიანები რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. ან შეასრულონ თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად ან გადაბარგდნენ ფინანსურ სექტორში. მეორე არჩევანის შემთხვევაში, სები დაკარგავს პროფესიონალ, კარგად მომზადებულ კადრებს, რომელთა ჩანაცვლება სულაც არ იქნება მარტივი. ეს უკანასკნელი კი სრულიად რეალურია, ვინაიდან ამჟამინდელი სებ-ის ხელმძღვანელობა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმეს (ეკა გალდავა და რობერტ სინგლეტერი), არც ბანკირია და არც დარგის პროფესიონალი, რაც წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ სებ-ის ორგანული კანონთან, არამედ საღ აზრთანაც. ცხადია, რომ ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "დამნაშავე" საქართველოს პრეზიდენტიცაა, რომელიც ვალდებულია ჩაიხედოს მოქმედ კანონმდებლობაში და მის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები კანდიდატურების წარდგენისას.
თითქოს არ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სებ-ის ავტონომიურობა და შესაბამისი უზრუნველყოფის მექანიზმები, თუმცა როგორც ჩანს, ისტორიამ არაფერი არ გვასწავლა. რისკი ძალიან მაღალია. აპოკალიფსი ცხადია არ გვემუქრება, მაგრამ შესაძლოა დიდი რყევები ფინანსურ ბაზარზე, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა და ფაქტიურად საბანკო სექტორზეა ჩამოკიდებული. სავარაუდოდ, შემცირდება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რაც ასახული იქნება ბაზრის ყველა მონაწილეზე (მთავრობა, ფინანსური ინსტიტუტები, რეზიდენტები), რადგან ისედაც გაძვირებული კრედიტები კიდევ უფრო გაძვირდება, შეგვეზღუდება კაპიტალის ბაზრებზე წვდომა.
პირველი ბიძგი კი ამ გზაზე იქნება სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება. სიტუაციას, სავარაუდოდ შეარბილებდა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების, რაც შეიძლება სწრაფად გაუქმება და სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევა. მით უმეტეს, რომ ვერცერთი საბანკო ინსტიტუტი ამ ბრძანების მოთხოვნებს ვერ შეასრულებს, ვინაიდან, სანქცირებულ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანსაქცია კომერციულ ბანკისთვის ფატალური იქნება", - წერს თუთბერიძე.