ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ამომრჩევლის როლზე ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე და აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებისთვის არჩევნების შესახებ სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე, მიმოიხილა სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაც.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებაც მიაწოდა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს და მათ მეტი აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა განხილული საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს, დაისვა კითხვები, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავი პასუხები გასცა.

„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო - საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რომლის მიზანია საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მეტად დაინტერესება საარჩევნო პროცესში ჩართულობით იმ მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს თანაბარი სერვისების მიწოდებას ყველა ამომრჩევლისთვის.

სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი ახალციხეში, სადაც შევხვდი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების წინაშე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდგომ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორს სოსო პარუნაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.