2025 წელი იყო საკმაოდ წარმატებული, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% შეადგენდა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტლის ზრდამ 9%-ს გადააჭარბა. ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მაღალპროდუქტიული სექტორები - IT, განათლება, საფინანსო სექტორი, ლოგისტიკა და ტრანსპორტი იყო.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ ხოლმე წინა წლის გაწეული სამუშაოს ანგარიშს. ეროვნულ ბანკის პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან, მაკროეკონომიკური ტენდენციებიდან და გამოდის, რომ ჩვენი ანგარიში არის მთლიანად გასული წლის ეკონომიკის, ეკონომიკური მდგომარეობის შეჯამება. ამ თვალსაზრისით, 2025 წელი იყო საკმაოდ წარმატებული, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ეკონომიკისთვის.
დავიწყებ იმით, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავაც იყო ძალიან ძლიერი - უსწრებდა რეგიონს, უსწრებდა ფართო რეგიონსაც, რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა, უფრო განვითარებულ ეკონომიკებსაც - 7.5%. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. იცით, რომ პირველი კვარტლის ზრდა 9%-ზე მეტი არის და ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისია, მიუხედავად ყველა გამოწვევისა“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავა განცხადებით, 2025 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ზომიერ გადახრად მიიჩნეოდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, წინა წლების მსგავსად, მაღალპროდუქტიული სექტორები იყო.
„ჩვენი კუთხით, ვინაიდან ინფლაცია არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ზოგადად ორიენტირებულები ვართ ჩვენს პოლიტიკაში, ამ თვალსაზრისითაც 2025 წელი არ იყო ცუდი, იმიტომ რომ მთლიანობაში წლიური ინფლაცია 3,9% იყო, რაც ჩვენი მიზნობრივი 3%-იანი დონიდან ზომიერ გადახრად მიიჩნეოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ ის, თუ საიდან მომდინარეობს ეს ეკონომიკური ზრდა. ძირითადად, მსგავსად წინა წლებისა - 2023 და 2024 წელს, 2025 წელსაც ძირითადი მამოძრავებელი ძალა ამ ჩვენი ეკონომიკური ზრდის იყო ე.წ. მაღალპროდუქტიული სექტორები. ეს არის IT სექტორი, ანუ კომუნიკაციები და ინტერნეტ ტექნოლოგიები და IT მომსახურების ექსპორტი; ეს არის განათლება, ეს არის საფინანსო სექტორი, ეს არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი.
ერთის მხრივ, მაღალპროდუქტიული ნიშნავს, რომ აქედან არ მომდინარეობს ინფლაციური ზეწოლა მოთხოვნის მხრიდან და მეორე ეს არის ის დარგები, რომლებიც ჩვენს ექსპორტს, მომსახურების ექსპორტს ამ შემთხვევაში, აძლიერებს, განსაკუთრებით IT ტექნოლოგიები, IT მომსახურება, და აუმჯობესებს ქვეყნის საგარეო პოზიციებს. ეროვნული ბანკისთვის იყო განსაკუთრებით წარმატებული ეს წელი, გასული წელი. ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელს“, - განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, 2026 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 6.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი თქმით, რეზერვების მოცულობაში მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ოქროს მარაგსაც.
„ზოგადად, პიკი დაფიქსირდა 2026 წლის თებერვალში, როდესაც ისტორიულ მაქსიმუმს - 6.7 მილიარდ დოლარს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა. მათ შორის, ოქროს ნაწილი, რაც ჩვენ ორი წლის წინ შევიძინეთ, ასევე მილიარდზე მეტი ღირებულების შემომტანია ამ მთლიან მასაში და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე ავხსნი მაყურებლისთვის, რატომ არის ეს ჩვენი რეზერვების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ე.წ. ბუფერი, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ ქვეყანას იმისთვის, რომ უპასუხოს საგარეო შოკებს“, - აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, არსებული რეზერვები ზომა და მათი მდგომარეობა მოასწავებს ქვეყნის მდგრადობას სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.
„იმ ქვეყნებს, ვისაც გააჩნიათ მდიდარი მინერალური რესურსები, ნავთობი, გაზი, იმათ აქედან აქვთ ძირითადად შეგროვებული რეზერვები და ეს მთავარი წყაროა. ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენთვის მთავარი შემავსებელი რეზერვებისა - ეს არის საგარეო შემოდინებები უცხოურ ვალუტაში, რომელიც მომდინარეობს ექსპორტიდან, მომდინარეობს ტურიზმიდან, მომდინარეობს გზავნილებიდან, მომდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, და აი, ეს ყველა შემოდინება იყო ძლიერი და მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა რეზერვები.
სხვათა შორის, სწორედ ეს ფაქტი იყო აღნიშნული სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშებში. ერთ-ერთმა მათგანმა, Fitch-მა, მაგალითად, გაგვიუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა - ნეგატიურიდან სტაბილურამდე აგვიყვანა მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა გამოიყურება ძალიან კეთილსაიმედოდ და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ერთი ჩვენი, ასე ვთქვათ, აგური შეგვაქვს ამ მთლიან კონტექსტში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.













