"განუსაზღვრელი ვადით უნდა დავტოვოთ ის ოპერატორი საქართველოში, რომელმაც ქვეყანას ჰაბის ფუნქცია დაუკარგა?"

ორ წელიწადში კომპანია "ტავ ჯორჯიას" კონტრაქტი ეწურება. თბილისის აეროპორტის ოპერატორი მთავრობასთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წლის შემდეგდაც დარჩნენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ამ ეტაპზე უცნობია. სფეროს სპეციალისტების ნაწილი "ტავ ჯორჯიასთან" თანამშრომლობის გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი მათ დარჩენას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

უკვე 20 წელია რაც "ტავ ჯორჯია" საქართველოს საავიაცია ბაზარზე ოპერირებს და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მმართველობას. კომპანიის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება 2 წელიწადში იწურება, უფრო კონკრეტულად კი, თბილისში - 2027 წლის თებერლვაში, ხოლო ბათუმში - იმავე წლის აგვისტოში, თუმცა ტავ ჯორჯია უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2027 წლის შემდეგაც დარჩეს.

"არ დაგიმალავთ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოში 2027 წლის შემდეგაც დავრჩეთ. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა "ტავი" საქართველოში, ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელსაც სახელმწიფოს 2026 წლის იანვარში გადავცემთ. ე.წ. "მასთერ პლანი" მოიცავს აეროპორტის, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ფინანსურ და მარკეტინგულ ანალიზს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული და შრომატევადი პროექტია, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში აეროპორტებს 500 000 აშშ დოლარამდე უჯდებათ”, - განაცხადა "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

მისივე განცხდებით, კომპანიამ 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - 7,3 მლნ დოლარის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2 მლნ დოლარის ინვესტირება განახორციელა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოჭარბებულ მგზავრთნაკადს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა 2024 წელს ჩვენ გავაფართოვეთ გაფრენის ტერმინალი, ვაფართოებთ მოფრენის ტერმინალსაც, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 6 მლნ მგზავრს უპრობლემოდ მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტის აშენება იგეგმება და ვიდრე იგი გაიხსნება და აშენდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ღირსეულად უნდა მოემსახუროს მგზავრს, ტურისტს, ყველა შემომსვლელს და გამსვლელს ქვეყნიდან.

2024 წელს ჩვენ განვახორციელეთ 7,3 მლნ დოლარის ინვესტიცია თბილისში, ხოლო 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ბათუმში. რა თქმა უნდა ინვესტირება ყოველწლიურად ახლდება და 2025 წლისთვისაც გაქვს ძალიან ბევრი ახალი პროექტი, იმ ფარგლებში რისი ინფრასტრუქტურაც გაგვაჩნია“, - დასძინა ზაქაიძემ.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე "ტავ ჯორჯიას" დარჩენის წინააღმდეგია სფეროს სპეციალისტთა ნაწილი. როგორც დარგის ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, "ტავ ჯორჯიამ" ავიაჰაბის ფუნქცია დაუკარგა ქვეყანას.

"2027 წელს გადის კომპანიის ხელშეკრულებას ვადა, რომელიც 20 წელიწადია იმყოფება საქართველოში. გარკვეული შეფასება და შეჯამება სჭირდება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი აეროპორტები იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო დონე ჰქვია.

რასაკვირველია გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ დარჩეს თურქული კომპანია საქართველოში 2027 წლის შემდეგაც და აქვე ისმის პირველი კითხვა, თუ რა პერიოდზეა საუბარი. როგორც ვხედავთ, ჯერ ახალი აეროპორტის მშენებლობის პერსპექტივა არ ჩანს. არ ვიცით, საერთოდ აშენდება თუ არა. რაზე ვსაუბრობთ, რომ განუსაზღვრელი ვადით დავტოვოთ ის ოპერატორი საქართველოში, რომელიც არცთუ წარმატებული და ეფექტური იყო და შესაბამისად, ქვეყანას დაუკარგა ჰაბის ფუნქცია?

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ კომპანიის საქართველოში დარჩენის. ამაზე აღარც კი უნდა შემოტრიალდეს საუბარი და პირიქით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საერთაშორისო ოპერატორებთან, რომელიც მრავლად არიან. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრს ექნება სურვილი თბილისის აეროპორტის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. სხვა მოთამაშეებსაც, მეტად კვალიფიკაციურს და ეფექტურს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა 2027 წლის შემდეგ დაიწყოს ოპერირება არა მხოლოდ თბილისის აეროპორტში, არამედ იმ ახალ აეროპორტში, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება”, - განუცხადა იასე ზაუტაშვილმა "რეზონანსს”.

"ტავ ჯორჯიას" დარჩენის მომხრეა ავიაკომპანია "ეარ ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი კოდუა. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აეროპორტების დმოუკიდებლად მართვა გაუჭირდება.

"20 წლის წინ მე მქონდა ბევრი კითხვა. როდესაც "თურქიშ ეარლაინსი” შემოვიდა და "ტავ ჯორჯიამ" აიღო ჩვენი აეროპორტი, მათი  წინააღმდეგი ვიყავი, რადგან "ტავს" სტამბულის აეროპორტი ჰქონდა ჰაბად და როცა მოსკოვი-თბილისის ჰაბიდან გამოვიყავით, პირდაპირი წვდომა გვინდოდა ევროპის მიმართულებით. ამის ნაცვლად, მოსკოვი ჩაანაცვლა სტაბმულმა, ჰაბის პრინციპით, ჩვენ კი გავხდით ფილიალი, რისი წინააღმდეგიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ კარგი რამ მოხდა ჩვენთვის.

რამდენიმე წლის წინ ფრანგებმა, ფრანგულმა აეროპორტმა "ეიდიპიმ" იყიდა საკონტროლო პაკეტი "ტავ ჯორჯიაში", ამიტომ ჩემთვის ახლა "ტავი" აღარ არის თურქული კომპანია, მით უმეტესს ერდოღანმა ახალი აეროპორტი გაუკეთა "თურქიშ ეარლაინსს”, სადაც "ტავის" ინტერესი აღარ არის "თურქიშ ეარლაინსის” ინტერესი პირდაპირპროპორციულად.

ჩვენ კი მოგვეცა საშუალება, რომ თბილისის აეროპორტმა პირდაპირი რეისები განავითაროს ევროპაში, რადგან, როგორც გითხარით, უკვე ფრანგები არიან ჩვენს აეროპორტებში. "ეიდიპის" მივესალმები, მათ აქვთ კარგი პროექტები, თუმცა თურქებიც არიან მენეჯმენტში.

მთავრობას ვურჩევ, რომ თუ დარჩება "ტავ ჯორჯია", მაშინ კიდევ ინვესტიციები მოსთხოვონ და გააკეთებინონ დამატებითი სატრანზიტო ტერმინალი, რაც გვჭირდება ქართულ ავიაკომპანიებს. სატრანზიტო მომსახურება არსებობს, მაგრამ მისთვის ცალკე ტერმინალი არ არსებობს. განვითარებისთვის საჭიროა, დამატებითი ტერმინალი.

ახლა "ტავ ჯორჯია" პროფესიონალთა გუნდით არის დაკომპლექტებული და არა მგონია, ხელშეკრულების გასვლისას, საქართველოს მთავრობამ შეძლოს დამოუკიდებლად რამის მართვა. ან ისევ ესენი უნდა დარჩნენ, ანდა ასეთი ძლიერი ბრენდი უნდა შემოვიდეს, რომელსაც სტრატეგია ექნება საქართველოს ჰაბად გადაქცევისა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა იყოს ჰაბი, კავკასიის რეგიონში. სამწუხაროდ ასე არ არის. ბაქოც გვისწრებს, სტაბმულის აეროპორტზე საუბარი ხომ ზედმეტია, მეშვიდე ადგილზე არის მსოფლიოს აეროპორტების სიაში.

თუ დავაყენებთ საკითხს, ვაზიანის აეროპორტი თუ თბილისის, რა თქმა უნდა, მე დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას უფრო ვემხრობი. აქ ისედაც დიდი ინვესტიციებია ჩადებული და ახალი აეროპორტის მშენებლობა უაზრო ფულის გადაყრა იქნება, როცა გვაქვს არსებული. ჯობს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარებაში ჩაიდოს ფული”, - განუცხადა კოდუამ "რეზონანსს”.

წყარო: resonancedaily.com