ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შემოღების იდეაზე, - ინფორმაციას "როიტერი" ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა და ალტერნატიული წყაროების შესახებ გაურკვევლობაა.

"როიტერი" წერს, რომ ამის ნაცვლად, კომისიას სურს შეიმუშაოს ახალი საგზაო რუკა, რათა 2027 წლისთვის ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასრულდეს. გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ მწირია.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის წარდგენას ივნისამდე გეგმავს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ზომებზე მუშაობა ნელა მიმდინარეობს. კომისიამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის იდეა ევროკავშირის მთავრობებს იანვარში წარუდგინა.