სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფლებში: შოყაში, ზემო ენთელში, ფხეროში, ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში გაიმართა. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.

შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

ძირითად პრიორიტეტებად სოფლებში შიდა საუბნო გზის, სასმელი წყლის ქსელისა და გარე განათების ქსელის მოწყობა დასახელდა.

შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 34 სოფელში უკვე გაიმართა. დარჩენილ სოფლებში კი ეტაპობრივად 27 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარია გამოყოფილი, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

საბოლოოდ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.