ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეს ეხმიანება და დარწმუნებულია, რომ ყეინიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა.

„ვიმეორებ, მას (ნანა  ყეინიშვილს) რაღაც ვიწრო ინტერესები აქვს. როგორც ამბობენ, ის დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან. ველოდები ნანა ყეინიშვილის იმპიჩმენტს და მის ადგილას სხვას. რა თქმა უნდა, ის მოქმედებდა მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ BMG-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იმავე დღეს ეროვნულმა ბანკმა  განაცხადა, რომ სრულად ემიჯნება აღნიშნულს და გამოძიების დასრულებამდე, ასევე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს საქმიანობაში ნანა ყეინიშვილის მონაწილეობის აცილების თაობაზე.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ყეინიშვილი მოქმედებდა დამოუკიდებლად. ამასთან, სებ-ში აღნიშნეს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა მის საკურატორო მიმართულებას არ განეკუთვნებოდა და  ამიტომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა არ ჰქონდა. სებ-ის ცნობით, ყეინიშვილი საბჭოს არააღმასრულებელი წევრი იყო და ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში არ მონაწილეობდა.