ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, უზბეკეთი „საქართველოს რკინიგზის“ სტრატეგიული პარტნიორია და მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის კუთხით ზრდის დადებითი დინამიკა ფიქსირდება.
„უზბეკეთი საქართველოს რკინიგზის მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს გვაქვს გაუმჯობესება, ტვირთის მოცულობა არის საკმაოდ გაზრდილი, შესაბამისად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მომავალში ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს არის ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი.
საქართველოს დერეფნისთვის ეს იქნება საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ მოცულობა და გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. შედეგად, ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირდება რკინიგზით და გადმოვა ჩვენს ქვეყანაში კასპიის ზღვის გავლით. ეს პროექტი ერთ-ერთი ისეთი პოტენციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას ჩვენს დერეფანში“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი, სავარაუდოდ, 5 მილიონ ტონაზეა გათვლილი.
„ჩინური ინვესტიციაც არის საკმაოდ მოცულობითი ამ პროექტში და ეს განაპირობებს იმას, რომ ტვირთის ნაკადი ჩინეთიდან იქნება საკმაოდ მომატებული“, - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.













