საქართველოს ბიზნესასოციაციამ PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 48.4 ქულას შეადგენს. პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება დასაქმების, ანაზღაურებისა და საინვესტიციო გეგმების მიმართულებითაც, თუმცა სექტორის წინაშე კვლავ რჩება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

აღნიშნულ შედეგებსა და ბიზნესგარემოს მიმდინარე ტენდენციებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აფასებს.

„BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები ნათლად აჩვენებს საქართველოს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბიზნესკლიმატის მაჩვენებელმა, BAG ინდექსის წარმოების დაწყების დღიდან, ანუ 2019 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს, 48.4 ქულას მიაღწია. ამ კუთხით გამორჩეული ზრდა და პოზიტიური განწყობები მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება დასაქმებისა და ანაზღაურების მიმართულებითაც. კერძოდ, დასაქმების ბარომეტრი 32.9 ქულამდე გაუმჯობესდა, ხოლო გამოკითხულ კომპანიათა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას გეგმავს. გარდა ამისა, წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე მიუთითებენ.

კვლავ მაღალ დონეზე რჩება კერძო სექტორის საინვესტიციო აქტივობაც. კომპანიების 68% 2026 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, რაც ძირითადად აღჭურვილობისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.

„აღნიშნული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი არათუ ინარჩუნებს სტაბილურობას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბუნებრივია, ბიზნესკლიმატის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის.

რა თქმა უნდა, ამ პოზიტიურ ფონზე არსებობს გამოწვევებიც. BAG ინდექსის ამა წლის მესამე კვარტალის კვლევის ფარგლებში, ჩატარებული გამოკითხვა ამჯერადაც ადასტურებს, რომ სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მშენებლობის სექტორში, სერიოზულ გამოწვევად რჩება. თუმცა, კერძოდ სექტორის ასეთი პოზიტიური განწყობები და მზარდი ინვესტიციები იძლევა იმის რესურსს, რომ კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივი ძალებით შეძლონ დაბრკოლებების გადალახვა ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.