ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ ლოგიკური ახსნა არ აქვს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ნიშნავს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
თემურ ჭყონიას სურვილია, საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ მიესალმება და მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
„მე მივდივარ [პროევროპულ] აქციაზე... არ მგონია, რომ ჩემს წასვლას დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩემი პატარა მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა შევასრულო“ - ამბობს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენის აზრით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება და ზოგადად, ევროკავშირთან და აშშ-თან პოლიტიკური ურთიერთობების გაფუჭება ნეგატიურად აისახება ბიზნეს-ურთიერთობებზეც.
"როდესაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა არ არსებობს ან ფუჭდება, ეს გავლენას ახდენს ბიზნესებს შორის ურთიერთობაზეც.
შექმნილი სიტუაცია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქმიან ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომელთაც ევროპასთან ფრენჩაიზებით აქვს ურთიერთობა; როცა ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა არ არსებობს, ბიზნესურთიერთობაც ეჭვის ქვეშ დგას ხოლმე და ერთგვარად, სიამაყის, თავდაჯერების მომენტს გიკარგავს, რადგან შენ ხარ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის მთავრობაც შენი პარტნიორების სახელმწიფოებთან არ თანამშრომლობს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველი ბიზნესმენების პარტნიორები არიან, ძირითადად, ევროპელი და ამერიკელი საქმიანი ადამიანები, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვა უხერხულობას შექმნის... ჯამში, ძალიან ცუდია ეს სიტუაცია განვითარებისთვის, სერიოზული საქმიანი წინადადებისთვის, მომავლისთვის.
მეგობრებო, ჩვენ, ბიზესმენებმა რა ვქნათ - ჩვენც უნდა ვუთხრათ კოლეგა ბიზნესმენებს, რომ რადგან თქვენი და ჩვენი პოლიტიკოსები ვერ მორიგდნენ, ჩვენი ურთიერთობებიც ოთხი წლით უნდა გადაიდოს და როდესაც მორიგდებიან, მერე დავლაგდეთ?! ეს ხომ გადამდებია?!.. ისინიც კულტურულად გვეტყვიან, რომ როცა ჩვენი პოლიტიკოსები დალაგდებიან, დიდი სიამოვნებით ვიქნებით თქვენ გვერდით“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან და „ოცნების“ გადაწყვეტილების შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ძალიან ცუდ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“.
წყარო: BM.GE