მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაეცნო.

ახალი ობიექტი ოპერირებას 2026 წლის მაისიდან დაიწყებს.

„ახალი ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. გეგმის მიხედვით, ოპერირება მაისის თვიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ობიექტი მთლიანად ეფუძნება ევროპულ სტანდარტს და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელები კი, ეტაპობრივად, კანონის შესაბამისად, დაიხურება“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში შენდება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ფართობი 208 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ობიექტი, 29 წლის განმავლობაში, 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, მარნეულს, წალკას, დმანისსა და ბოლნისს მოემსახურება.

ინფორმაციას მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს.