სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების ანგარიშით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 47.0 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.4 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 და 367.3 ათასი ვიზიტი.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.97 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.98 ღამე) 0.1 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა.













