2026 წლის 6 თებერვალს საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა.

„რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. S&P მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.

S&P აღნიშნავს, რომ გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის მერყეობის მართვას.

სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს რეგიონულ კონტექსტში, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.