საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2873 შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემს 16.17%-ით აღემატება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხაზგასასმელია 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც, რომლის ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ს გადააჭარბა.

„რაც შეეხება მგზავრთა ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები 613 933 მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მაჩვენებლები ასეთია:  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა – 44 894 მგზავრი.

2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3147.16 ტონა შეადგინა – ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.75%-ია. გასული წლის იანვართან შედარებით 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. სულ, 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა  საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 8 494 640 მგზავრს მოემსახურენ, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელი  რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც – წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 38 218 რეისი განხორციელდა, რაც 17.5%-ით აღემატებოდა 2024 წელს განხორციელებულ ფრენებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ  38578.379 ტონა შეადგინა, რაც ასევე რეკორდული შედეგი იყო საქართველოს აეროპორტებისთვის, რადგან 2024 წელთან შედარებით ტვირთბრუნვის ზრდამ 50% შეადგინა“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.